საქართველოს ექსპორტის ტემპები შემცირებულია - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.
ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში სულ 482 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.7 მილიონი დოლარით, ანუ 1.8%-ით ნაკლებია.
ექსპორტთან ერთად ნოემბერში შემცირდა იმპორტის მოცულობაც. გასული თვის განმავლობაში იმპორტმა სულ 1.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ნოემბერთან შედარებით 86 მილიონი დოლარით, ანუ 6.6%-ით ნაკლებია. 2023 წლის 11 თვეში კი საქართველოს ექსპორტმა 5.58 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტია.
იმპორტის მოცულობა კი 14 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტი იყო. ნოემბერში საქართველოს იმპორტის და ექსპორტის შემცირება სავარაუდოდ ავტომობილების რეექსპორტის სექტორში არსებულ შენელებას უკავშირდება, ამის შესახებ უფრო დეტალურად ცნობილი 19 დეკემბერს გახდება, როდესაც საქსტატი საგარეო ვაჭრობის სრულ ანგარიშს გამოაქვეყნებს.