ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს.
„ნოემბერში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 76%-ით, 75 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა მაღალი ტემპით, 41.6%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, რეგიონის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მნიშვნელოვნად, 71.3%-ით გაიზარდა. კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. ნოემბერში, რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად, 85.7%-ით და 17.7%-ით. აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები, წინა წლის მინიმალურ დონესთან შედარებით, გაზრდილია. ნოემბერში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (38.2%), რუსეთი (25.7%) და აშშ (13.9%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.