ნავთობპროდუქტებზე დეფიციტი არ შეიქმნება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბიზნესს შემოჰქონდა ნავთობპროდუქტები საქართველოს ბაზარზე რეალიზებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ მისთვის ფასი ბევრად უფრო მისაღები იყო. რაც შეეხება დამოკიდებულების ნაწილს, ხუციშვილის განცხადებით, ბენზინი და დიზელი არ არის ის პროდუქტი, რომ რამე პრობლემას წარმოადგენდეს სხვა ბაზარზე გადართვა, თუ აღნიშნული ფასები არ იქნება მისაღები.
„როდესაც რუსეთის ფასები უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ბიზნესი ირჩევს ქვეყანას, საიდანაც უფრო დაბალ ფასად წამოიღებს საწვავს. ამიტომ ნავთობპროდუქტებზე დეფიციტი არ შეიქმნება, მისი იმპორტი შეიძლება, ნებისმიერი ქვეყნიდან განხორციელდეს, შესაბამისი ფასით. ეს რომ იყოს ისეთი პროდუქტი, რომელსაც სხვა ბაზარზე ვერ მოძებნი ან დიდ ძალისხმევას საჭიროებდეს მისი იმპორტი, მერე შეიძლება ფიქრი, რამდენად უსაფრთხოა ამა თუ იმ ბაზარზე დამოკიდებულება. თუმცა ამ ნაწილში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, როდესაც ფასები გაიზარდა, უკვე მიმდინარე იმპორტები სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.