ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სომხეთის ეკონომიკის მინისტრ ვაჰან ქერობიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა.
შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის, როგორც ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი წარმატებული ფორმატის მნიშვნელობას.
ნათია თურნავამ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე. მისი თქმით, 2021 წელს საქართველო შეძლებს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულებას, ხოლო 2022 წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება.
„საქართველოს რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით მოწინავე პოზიციას შეინარჩუნებს მომავალშიც. 2021 წელს ფართო რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ირლანდიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ჩამორჩება, საშუალოვადიან პერიოდში კი საქართველოს ექნება რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალ ეკონომიკური ზრდის ტემპი საშუალოდ 6.2%-ის ოდენობით", - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველო სომხეთს განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან სავაჭრო - ეკონომიკურ პარტნიორს. 2021 წლის 10 თვის მონაცემების თანახმად, სავაჭრო ბრუნვის მიხედვით სომხეთი მე-7 ადგილზეა 555 მლნ. აშშ დოლარი. ამასთან, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ს შეადგენს.