საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებს მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით მიღწეული პროგრესის შესახებ საუბრობს, რომელსაც ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი.
„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე დავაყენეთ რამდენიმე საკითხი, რაზეც სრული მხარდაჭერა აღგვითქვეს, პირველ რიგში შავ ზღვაზე საქართველოს-ბულგარეთის-რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარებაში“,- განაცხადა მინისტრმა სხდომის დასრულების შემდეგ.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ეს არის საბორნე მიმოსვლის გააქტიურება იმ ფონზე, როცა ჩვენსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა ძალიან სწრაფად ვითარდება.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. თუმცა, სატრანსპორტო მიმოსვლა ჩვენს პორტებს შორის არ არის რეგულარული და არ შეესაბამება იმ დინამიკას და იმ ტემპს, რაც გვჭირდება. ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირმა აღგვითქვა ამაში დახმარება, მათ შორის შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადებაში.
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ასოცირების საბჭოზე განიხილეს იყო შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემას ერთმანეთთან დააკავშირებს.
„მსოფლიო ბანკმა დაადასტურა მზადყოფნა, დააფინანსოს პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და ამის შესახებ უკვე მოვახსენეთ ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროექტში მონაწილეობა მიიღონ დასავლურმა კომპანიებმა, ამიტომ ევროკავშირის შესაბამისმა სტრუქტურებმაც მოუწოდეს მათ, მონაწილეობა მიიღონ როგორც შესწავლის დაფინანსებაში, ასევე შემდგომში ინვესტორებისა და კონტრაქტორების მოძიებაში“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, პროექტი, რომლის განხორციელების იდეაც ორი-სამი წლის წინ გაჩნდა, ისტორიული მნიშვნელობისაა.