მოხარული ვართ, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა საქართველო ბაზრის განვითარების წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ EBRD-ის ხაზინისა და სებ-ის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების ახალი ანალიზის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ერთობლივ ღონისძიებაზე EBRD-ის ხაზინამ და სებ-მა ოფიციალურად წარმოადგინეს ნაშრომი სათაურით „ფინანსური ბაზრის განვითარების საფუძვლების შექმნა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქართველოში მუშაობის 10-ზე მეტი წლის რეტროსპექტივა.“ ნაშრომში მოცემულია საქართველოს ფინანსური ლანდშაფტის ფორმირებაში EBRD-ის, ეროვნული ბანკისა და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობის ანალიზი.
ნაშრომი შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით მომზადდა.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ორ მნიშვნელოვან ელემენტზე: ადგილობრივ ეკონომიკაში ქართული ლარის როლის გაზრდაზე და რეალური ეკონომიკის მდგრადი და ჯანსაღი დაფინანსებისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე.
ნათია თურნავას თქმით, EBRD-ის ხაზინის მიერ წარმოდგენილ ანალიზში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ საქართველო პატარა ქვეყნის საინტერესო მაგალითია ღია ეკონომიკითა და ფინანსური სექტორით და მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, წარმატებას მიაღწია.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკისა და მე ვიტყოდი, მთლიანად საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უძლიერესი პარტნიორია. ფინანსური ბაზრების განვითარების თვალსაზრისით, EBRD-თან განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს და დღევანდელი ნაშრომი, რომელიც პირველად წარვადგინეთ, სწორედ ამ ათწლიან, ძლიერ თანამშრომლობას ასახავს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენს ერთობლივ გეგმებს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას ფინანსური ბაზრის და მასზე წარმოდგენილი პროდუქტების უფრო მეტად დივერსიფიცირების მიმართულებითაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ EBRD დედოლარიზაციის პროგრამის მხარდამჭერია, ასევე ძალიან დიდი წვლილი აქვს და მომავალშიც მხარს დაუჭერს ეროვნული ვალუტის – ლარის შემდგომ განმტკიცებას და მის დომინირებას სხვადასხვა საფინანსო ინსტრუმენტის სახით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.