საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დღეს ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სებ-ის ინფორმაციით, კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა ნათია თურნავასთან ერთად საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც ეკონომიკასა და მოსახლეობას დამატებით სტიმულს მისცემს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული საფინანსო სისტემა იყო, არის და იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული.
„საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი, როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, გვაქვს ერთიანი ხედვა და საერთო მიზანი. საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. გვაქვს ძალიან საინტერესო სამომავლო განვითარების გეგმები. ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის. გვაქვს საერთო მიზანი, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა უფრო მეტი რესურსის დაბანდება შეძლონ. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომელიც საბანკო სექტორში დაინერგება. რა თქმა უნდა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რისკის გათვალისწინებით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.