უახლოეს ხანებში ველოდებით, რომ ინფლაცია ჩამოვა ქვევით. შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ არ მოგვიწევს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა. პირიქით, არის მიჯნა, რომ 7%-მდე დავუახლოვებთ რეფინანსირების განაკვეთს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენ ვალდებული ვართ, რომ სწორი ბალანსი დავიცვათ საპროცენტო განაკვეთსა და ინფლაციას შორის, თუმცა ინფლაციაა მთავარი საზრუნავი და ფასების დონე. ამ ეტაპზე ჩვენი მოლოდინი, ცენტრალური სცენარის მიხედვით, არის სწორედ ეს, წლევანდელი წელი 4%-ის ირგვლივ, მომავალ წელს დაიწყებს მიახლოებას 3%-თან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა. პროექტში მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და რისკები.
ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა წლიური ინფლაციის შედარებით გაზრდილ მაჩვენებელზე და მის განმაპირობებელ ფაქტორებზე. თურნავას თქმით, მიზნობრივ, 3-პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით, ინფლაციის ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ეგზოგენური ფაქტორების ასახვაა, ხოლო სურსათის გამორიცხვით, ინფლაციის მაჩვენებელი და, ამავდროულად, შედარებით ხისტი ფასების საზომები, რომლებიც კარგად ასახავენ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება.