საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ წალენჯიხის ოპოზიციურ მერს, გიორგი ხარჩილავას წარმატებას უსურვებს და მზადაა, მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.
დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამიერიდან მთავრობა მხოლოდ საქმეზე და დაგეგმილ პროექტებზე კონცენტრირდება.
არჩევნებსა და ოპოზიციაზე საუბრისას კი დასძინა – „როდესაც 8-ჯერ გეუბნება ხალხი უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს,“.
„ჩვენ მთელი მინისტრთა კაბინეტი მზად ვართ, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან, ვინაიდან ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი გამარჯვება, არის საერთო გამარჯვება და ასევე მინდა ვთქვა, რომ პირადად, როგორც პრემიერ-მინისტრს, მექნება მჭიდრო და აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან,“ – აცხადებს ღარიბაშვილი.
საუბრის ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხის ოპოზიციურ მერზეც ისაუბრა და თქვა:
„მინდა წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთ ოპოზიციურ კანდიდატს, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და მინდა მას განვუცხადო, რომ მთელი ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რომ ვითანამშრომლოთ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში. რა თქმა უნდა, მე, როგორც პრემიერმინისტრი გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებში.
ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს, გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მინდა დავაზუსტო დღეს, რომ მთელი მთავრობა, რა თქმა, უნდა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთან,“ – ამბობს პრემიერ-მინისტრი.