gorgia
ავერსი legi

მთავრობამ შაქრის იმპორტზე დაწესებული გადასახადი ერთი წლით გაახანგრძლივა. 2026 წლის 24 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, ცვლილება შევიდა 2025 წლის 10 აპრილის დადგენილებაში, რომლითაც გასულ წელს მთავრობამ შაქრის იმპორტზე ერთწლიანი გადასახადი დააწესა. მოქმედების ვადა 2025 წლის 22 აპრილიდან 2026 წლის 22 აპრილამდე იყო. 

ახალი გადაწყვეტილების შედეგად ვადა 2027 წლის 22 აპრილამდე გახანგრძლივდა.

შარშან მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი 40 თეთრის გადასახადით დაიბეგრება, ანუ ტონაზე 400 ლარით.

გადასახადი 1701 91 000 00, 1701 99 100 00 და 1701 99 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ შაქარს შეეხება. გამონაკლისია შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ შაქრის იმპორტზე დროებითი გადასახადი ასევე 2023 წლის 20 ნოემბრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე მოქმედებდა. მაშინ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ოთარ შამუგია აცხადებდა, რომ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების მთავარი მიზანი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და "აგარის შაქარში" დასაქმებული 500-მდე ადამიანი იყო. "ეს არის საწარმოს მუშაობისთვის ხელშეწყობა, ვინაიდან დღეს ბაზარზე შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ იმპორტი ხორციელდება იმდენად დაბალ ფასში, რომ საწარმო გაჩერების პირას დადგა", - ამბობდა შამუგია. საქართველოში შაქრის ერთადერთი მწარმოებელი “აგარის შაქრის კომპანიაა”, რომელიც შიდა ქართლში მდებარე გადამმუშავებელ ქარხანას ფლობს.

90