janmedi
ავერსი ნემო

საქართველოს მთავრობამ ხორბლის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. მთავრობის 2026 წლის 7 აგვისტოს დადგენილებით განისაზღვრა ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისთვის განკუთვნილი ხორბლისა და მაგარი ხორბლის ხარისხის, ჰიგიენის, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების ახალი მოთხოვნები.

დადგენილების ძირითადი ნაწილი 2026 წლის 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება, ხოლო ხორბლის ელევატორთან დაკავშირებული მოთხოვნები, მათ შორის ელევატორისთვის დადგენილი სპეციალური ინფრასტრუქტურული და ტექნიკური პირობები, 2031 წლის 1-ელი იანვრიდან შევა ძალაში.

ახალი რეგლამენტის მიხედვით, ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი ხორბალი და მაგარი ხორბალი უნდა იყოს ჯანსაღი, სუფთა და ხარისხიანი. მას არ უნდა ჰქონდეს თვითჩახურების, ობის ან სხვა უცხო სუნი, რომელიც პროდუქტის გაფუჭებაზე მიუთითებს. ასევე დაუშვებელია უცხო გემო და ცოცხალი მწერების, მათ შორის პარაზიტების არსებობა.

ხორბლისა და მაგარი ხორბლის ტენიანობის მაქსიმალური მაჩვენებელი 14,5%-ით განისაზღვრა. ჭვავის რქის, იგივე Claviceps purpurea-ს, სკლეროციუმის შემცველობა 0,05%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ცხოველური წარმოშობის მინარევების, მათ შორის მკვდარი მწერების, მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა 0,1%-ია, სხვა ორგანული მინარევების — 1,5%, ხოლო სხვა არაორგანული მინარევების — 0,05%.

ხორბალში სხვა სასურსათო მარცვლოვანი კულტურების შემცველობა, ხორბლისა და მაგარი ხორბლის გარდა, 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგარ ხორბალში კი ეს მაჩვენებელი 3%-ია.

დაზიანებული და დამტვრეული/დამსხვრეული მარცვლის მაქსიმალური რაოდენობა ხორბლისთვის 5%-ით, ხოლო მაგარი ხორბლისთვის 6%-ით განისაზღვრა. დაზიანებული მარცვლის მაქსიმალური რაოდენობა ხორბლისთვის 6%-ია, მაგარი ხორბლისთვის კი 4%. მწერებით დაზიანებული მარცვლის რაოდენობა ხორბალში 1,5%-ს, ხოლო მაგარ ხორბალში 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

გაღივებული მარცვლის დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა როგორც ხორბლისთვის, ისე მაგარი ხორბლისთვის 4%-ია. ჩახურებული მარცვლის რაოდენობა კი 0,05%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

ახალი წესებით, ხორბალში ფუზარიოზით (Fusarium graminearum) დაზიანებული მარცვლის არსებობა დაუშვებელია. მაგარ ხორბალში კი ფუზარიოზით დაზიანებული მარცვლის მაქსიმალური რაოდენობა 1,5%-ით განისაზღვრა.

რეგლამენტი ასევე ადგენს ხორბლისა და მაგარი ხორბლის მინიმალურ ხარისხობრივ მაჩვენებლებს. ხორბლის მინიმალური ხვედრითი წონა 73 კგ/ჰექტოლიტრი, ანუ 730 გრამი ლიტრზე, უნდა იყოს, მაგარი ხორბლის — 78 კგ/ჰექტოლიტრი, ანუ 780 გრამი ლიტრზე. ცილის მინიმალური შემცველობა ხორბლისთვის 11%-ია, მაგარი ხორბლისთვის კი 11,5%.

ხორბლის სედიმენტაციის ინდექსი, Zeleny-ის ინდექსი, არანაკლებ 22 მლ-ს უნდა შეადგენდეს ან უნდა განისაზღვროს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით წებოგვარას დეფორმაციის ინდექსი. როგორც ხორბლის, ისე მაგარი ხორბლის ვარდნის რიცხვი (Hagberg falling) არანაკლებ 220 წამი უნდა იყოს.

ტექნიკური რეგლამენტით ასევე განისაზღვრა ხორბლის ეტიკეტირების დამატებითი მოთხოვნები. პროდუქტის ეტიკეტზე, სხვა სავალდებულო ინფორმაციასთან ერთად, უნდა მიეთითოს ხორბლის ან მაგარი ხორბლის დასახელება, მოსავლის აღების წელი, მწარმოებლის დასახელება, არსებობის შემთხვევაში იმპორტიორის დასახელება, მასა/წონა და შენახვის პირობები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორბლის იმპორტსა და ელევატორში განთავსებას უკავშირდება. რეგლამენტის მიხედვით, ბაზარზე განთავსებამდე ხორბალი და მაგარი ხორბალი ელევატორში უნდა განთავსდეს. საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლისა და მაგარი ხორბლის შემოტანა, გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა, დაშვებულია მხოლოდ ელევატორიდან.

იმპორტირებულ ხორბალს თან უნდა ახლდეს ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ხორბალი საქართველოში შემოტანამდე ელევატორში იყო განთავსებული.

აღნიშნული მოთხოვნა, ისევე როგორც ტექნიკური რეგლამენტის დანართი — „ზოგადი მოთხოვნები ხორბლის ელევატორის მიმართ“ — 2031 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

რეგლამენტი ტრანსპორტირების კონკრეტულ პირობებსაც ადგენს. სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლისთვის გახსნილი საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით ხორბლის შემოტანა დასაშვები იქნება მხოლოდ დახურული ვაგონებით, ხორბალმზიდი ვაგონებით ან კონტეინერებით/ტანკერებით, რომლებიც უზრუნველყოფს პროდუქტის დაცვას მწერების, ცხოველებისა და მღრღნელების შეღწევისგან და ტრანსპორტირების დროს ხორბლის დაბნევისგან.

საავტომობილო მიმოსვლისთვის გახსნილი საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით ხორბლის შემოტანა ავტოსატრანსპორტო საშუალებითაც იქნება შესაძლებელი, თუმცა ამ შემთხვევაში ხორბალსა და მაგარ ხორბალს თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, ხორბლის ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები ყოველი დატვირთვის წინ უნდა იყოს გაუსნებოვნებული. აღნიშნული ფაქტი უნდა აისახოს ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში ან დადასტურდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ გაცემული დოკუმენტით.

ელევატორისთვის დადგენილი ახალი მოთხოვნები ითვალისწინებს ხორბლის მიღების, გაწმენდის, გაშრობისა და ვენტილაციის სისტემების, ასევე შენახვისთვის განკუთვნილი სილოსების ან საცავების არსებობას, სადაც შესაძლებელი იქნება ტენიანობისა და ტემპერატურის კონტროლი. ელევატორი ასევე უნდა იყოს აღჭურვილი ასაწონი, საზომი და სხვა საკონტროლო-ტექნიკური მოწყობილობებით.

ელევატორში მიღებული ხორბლის პირველადი ლაბორატორიული გამოკვლევაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი. სხვადასხვა ხარისხის ან განსხვავებული მდგომარეობის ხორბლის შერევა სათანადო აღრიცხვისა და ჩანაწერების გარეშე დაუშვებელი იქნება. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხორბლის მიკვლევადობა ელევატორის ტექნოლოგიური პროცესის ყველა ეტაპზე.

ახალი ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზე, რომელიც ხორბალს ან მაგარ ხორბალს პირადი მოხმარების მიზნით აწარმოებს. რეგლამენტის მოქმედებიდან ასევე გამორიცხულია არასასურსათო დანიშნულების ხორბალი და მაგარი ხორბალი, წითელმარცვალა მაგარი ხორბალი და გარკვეული მცირე ოდენობის საფოსტო გზავნილით, ბარგით ან მგზავრის ხელბარგით შემოტანილი ხორბალი.

ხორბლისა და მაგარი ხორბლის ახალი მოთხოვნების შესაბამისობის კონტროლს განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური — საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას, ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლთან ერთად, ხოლო ბიზნესოპერატორი — შიდა საწარმოო კონტროლის ფარგლებში.

34