2022 წელს საქართველოს უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი ეკონომიკური ზრდა, რაც საფინანსო ინსტიტუტების მიერ იყო პროგნოზირებული, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს დეტალურად გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ტენდენციები, მთავრობის ხედვები და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.
„ჩვენი მოლოდინია, რომ დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა მიღწეული იქნას. რა გეგმა და ხედვა აქვს საქართველოს მთავრობას ამ პირობებში – საქართველოს მთავრობამ არაერთხელ აჩვენა, რომ შოკებთან გამკლავების წარმატებული გამოცდილება გვაქვს, ჩვენ ძალიან რთული პანდემიის პერიოდი გავიარეთ, თუმცა ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა გვქონდა რეგიონში, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10%-ზე მეტით გაიზარდა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ამასთან, პოზიტიური დინამიკა გვაქვს წლის დასაწყისიდან – პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 14.4%-ია“, – აღნიშნა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობამ ომის დასაწყისიდანვე შეაფასა, თუ რა გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა ჩვენს ეკონომიკაზე მიმდინარე ომს.
„რამდენიმე დაშვება გვქონდა, რომლებიც ეხებოდა ექსპორტის, ფულადი გზავნილების, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირებას და სურსათის და ნავთობის ფასების ზრდას. ჩვენ გვესმის, რომ ორი ქვეყანა, უკრაინა და რუსეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორები არიან და სავალუტო შემოდინებები აღნიშნული ქვეყნებიდან (ექსპორტის, ტურიზმიდან შემოსავლების, ფულადი გზავნილების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩათვლით) ჩვენს ეკონომიკაში თითქმის 10%-მდე იყო წინა წელს. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა შოკების დაშვებით, გადავხედეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და ვთვლიდით, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო სამი პროცენტული პუნქტით შემცირებული ეკონომიკური ზრდა, ანუ ნაცვლად დაგეგმილი 6%-ისა, ეკონომიკური ზრდა შეიძლება ყოფილიყო 3 ან 3.5%. ეს იყო ასევე ის მონაცემები, რომელსაც იზიარებდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები სრულად ეთანხმებოდნენ ჩვენს შეფასებებს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეს არ იყო მთავრობისთვის დამაკმაყოფილებელი სცენარი, ამიტომ ეკონომიკური გუნდი, მთლიანად მთავრობა მობილიზებული იყო პოტენციური დანაკარგის კომპენსირებისკენ და ეკონომიკის მხარდამჭერი მიზნობრივი პოლიტიკის განხორციელებისკენ. შესაბამისად, მინისტრის განცხადებით, შესაძლებელი იქნა იმ დადებითი ტენდენციების შენარჩუნება, რომელიც წლის დასაწყისში შეინიშნებოდა ეკონომიკაში და საქართველო შეძლებს ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას საბაზო პროგნოზის შესაბამისად (6% ეკონომიკური ზრდა 2022 წელს).