golden brand
ავერსი ნემო

 მსოფლიო ბანკი წელს საქართველოს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით, 0.5%-ით ნაკლებია.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების“ ნახევარწლიან ანგარიშში წერია.

თუმცა მომავალი წლისთვის პროგნოზი 0.5%-ით გაუმჯობესებულია და ქვეყნის რეალური მშპ-ის ზრდა 5.5%-ს შეადგენს, რაც 2028 წელს ისევ 5%-მდე შემცირდება.

 

შედარებისთვის: 2025 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონს, აქაც შარშანდელი 3.9%-იანი ზრდიდან წელს და მომავალ წელს პროგნოზი 3.4%-მდე, ხოლო 2028 წლისთვის 3.2%-მდე არის გაუარესებული. თუმცა იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით რეგიონის რეალური მშპ-ის ზრდა წელს და მომავალ წელს 0.2%-ით გაუმჯობესებულია.

„ინფლაცია, სავარაუდოდ, წელს გაიზრდება, რაც გამოწვეული იქნება ენერგორესურსებისა და სურსათის ფასების ზრდით, ხოლო 2027–2028 წლებში შემცირდება, რადგან სასაქონლო ფასებზე ზეწოლა შემცირდება. ენერგორესურსების ფასების გავლენა ინფლაციაზე, სავარაუდოდ, უფრო ძლიერი იქნება ენერგომპორტიორ ქვეყნებში, სადაც ენერგიის წილი მომხმარებელთა ფასების ინდექსში მაღალია, როგორიც არის სომხეთი, საქართველო და სერბეთი. ამ ფონზე, მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკა მუდმივი ინფლაციური ზეწოლის ფონზე შემზღუდავი დარჩება,“ - წერია ანგარიშში.

ორგანიზაციის შეფასებით, ენერგიის მაღალი ფასები, სავარაუდოდ, ყველაზე დიდ ზეწოლას სომხეთზე, საქართველოზე, მოლდოვასა და თურქეთზე მოახდენს, სადაც ენერგიის სუფთა იმპორტი შიდა ენერგიის მოხმარების 70%-ს აღემატება.

ზოგადად, მსოფლიო ბანკმა ახლო აღმოსავლეთში ომის გამო 2026 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5%-მდე შეამცირა. ამასთან, ბანკი გაფრთხილებას იძლევა, რომ თუ ენერგომომარაგება უფრო სერიოზულად შეფერხდება და ფინანსურ ბაზრებზე მნიშვნელოვანი ზეწოლა მოხდება, ეს მაჩვენებელი შესაძლოა, 1.3%-მდე შემცირდეს.

ანგარიშის თანახმად, გლობალური ეკონომიკა 2025 წელს 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის პროგნოზი იანვრის შეფასებასთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ბანკმა ირანის კონფლიქტის გამო პროგნოზი მსოფლიო ქვეყნების ორი-მესამედისთვის შეამცირა. მშპ-ის ზრდის შეფასებისას ყველაზე დიდი ვარდნა არაბთა გაერთიანებული საემიროების, ერაყისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების შემთხვევაში დაფიქსირდა, რომელთა ენერგომატარებლების ექსპორტმაც მძიმე დარტყმა განიცადა.

70