საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეისთვის საქართველოს მთავრობას ინვესტორებისთვის საკმაოდ წონადი პორტფელი აქვს მომზადებული. ამის შესახებ ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან ის მიმართულებები დაასახელა, სადაც კონკრეტული პროექტების განხორციელება და ინვესტორების მოზიდვა იგეგმება.
„მომზადებული გვაქვს საკმაოდ წონადი პორტფელი, რომელიც ინვესტორებს უნდა შევთავაზოთ, ეს ეხება სხვადასხვა ლოგისტიკურ პროექტს, მათ შორის საპორტო ინდუსტრიის, A კლასის ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას, ასევე საერთაშორისო აეროპორტებში კარგო-ტერმინალების განვითარებას. პარალელურად ძალიან დიდი პროექტებია ინდუსტრიის სხვადასხვა დარგში დაწყებული მანქანათმშენებლობით, დასრულებული IT ინდუსტრიით, რომელიც ინვესტორებისთვისაა შესათავაზებელი და ვიხილავთ, როგორ გავხადოთ ჩვენი საინვესტიციო გარემო უფრო მიმზიდველი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სააგენტო „აწარმო საქართველოშის“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა „აწარმოე საქართველოს“ მექანიზმების დახვეწაზე.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო უცხოურ ინვესტიციებს და კომპანიებს, რომელთა მოზიდვა ხორციელდება. მიმდინარეობაში მზაობის სხვადასხვა ეტაპზე 21 ასეთი პროექტია. არის პროექტები, რომელიც ბოლო ეტაპზეა გადასული. ასევე ვისაუბრეთ იმაზე როგორ დავხვეწოთ „აწარმოე საქართველოს“ საინვესტიციო მექანიზმები და კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ, რათა სხვადასხვა სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უმოკლეს ვადებში მოხდეს“, - განმარტა მან.