საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ფერმერებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ამუშავებენ სახნავ მიწებს, შესაძლებლობა ექნებათ, იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები 25-პროცენტიანი ფასდაკლებით შეიძინონ.
თურნავას თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
„დღეს მთავრობამ მიიღო საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უთუოდ გაახარებს იმ ფერმერებს, ვისაც იჯარით აქვთ აღებული მიწები და ფიქრობდნენ მიწის გამოსყიდვას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ რამდენიმე ხნის წინ დავრთეთ ნება მოიჯარეებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ამუშავებენ სახნავ მიწებს, პირდაპირი წესით, საბაზრო ფასად გამოისყიდონ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები. მთავარი ამოცანაა, რომ არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწა და მათ შეძლონ, სახელმწიფო პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა, მოიზიდონ დაფინანსება, თუმცა ვაკვირდებოდით ტენდენციას, ფასები საკმაოდ მაღალია და შესაბამისად, ბევრ მოიჯარეს არ აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ამ უფლებით სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ფასი არის საკმაოდ მაღალი და არ არის ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტურად გამოიყენონ თავისი უფლება, პირდაპირი წესით შეიძინონ ეს მიწები, ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25-პროცენტიანი ფასდაკლებით. ანუ, შეფასებულ მიწაზე, რომელსაც, როგორც წესი, აფასებს სამხარაულის ბიურო, 100%-იანი ფასიდან იქნება 25%-იანი ფასდაკლება, რომლითაც ისარგებლებენ მოიჯარეები. პირველ რიგში, ეს ფერმერებს მისცემთ შესაძლებლობას, ისარგებლონ უფლებით, შეიძინონ მიწა, დაამუშაონ და უფრო მეტად მოიზიდონ საბანკო დაფინანსება, კერძო ინვესტიციები, ასევე ისარგებლონ იმ ფართო სახელმწიფო პროგრამების შემოთავაზებით, რაც ჩვენ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გვაქვს.ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, საქართველოში დაახლოებით 2 000-მდე მოიჯარეა. არის საკმაოდ დიდი მიწის ფართობები, დაყოფილი მცირე მიწის ნაკვეთებად, გაიჯარებული. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამუშვებენ მიწას და ეს გადაწყვეტიელბა უფრო ხელმისაწვდომს გახდის მათთვის მიწის გამოსყიდვის შესაძლებლობებს.
“რა თქმა უნდა, ეს წაახალისებს სასოფლო-სამეურნო მიწის მეორადი ბაზრის გაჩენასაც, რადგან უფრო მეტად კერძო ინვესტიცია და ინვესტორები დაინტერესდებიან სასოფლო-სამეურნეო მიწებში ინვესტიციის გაკეთებით. საბოლოო ამოცანაა, რომ არც ერთი აქტივი არ იყოს გაჩერებული, მიწა არ იყოს დაუმუშავებელი და ყველაფერი ემსახურებოდეს ეკონომიკის აღდგენას და დასაქმებას. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელი მოეწერება და ამიერიდან, ამ პირობით იქნება შეთავაზებები გაკეთებული. დღეს დღეობით, ჩვენ 429 მოიჯარის განცხადება გვაქვს მიღებული ქონების მართვის სააგენტოში, რომელიც დამუშავების პროცესშია და მათთვის შესაბამისი შეთავაზებები უკვე ამ ახალი წესით გაკეთდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.