ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საგანი (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი). ამის შესახებ ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვეფგვერდზეა განთავსებული.
მათივე ცნობით, იმ პროგრამებზე, სადაც სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნად მითითებულია ისტორია/მათემატიკა, ერთ-ერთ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ითვლება პროგრამაზე დაშვების წინაპირობის დაკმაყოფილებად.
2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში გამოცხადებული პროგრამების ჩამონათვალი განისაზღვრება მობილობისთვის დადგენილ ვადებში.
იმ შემთხვევაში თუ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სტუდენტს არ აქვს ჩაბარებული ის საგანი, რაც კანონმდებლობის თანახმად, დადგენილია უმაღლეს საანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის სფეროების მიხედვით, უფლებამოსილია, მიმდინარე წლის 31 მარტის 18:00-ის ჩათვლით, დარეგისტრირდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ამ საგნის/საგნების ჩაბარების მიზნით, ბმულზე: https://online.naec.ge
მობილობის მსურველ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, თუ 2020 წლამდე მიღებული აქვთ მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში და შესაბამის საგანში გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საშუალება ეძლევათ მიღებული შედეგი გამოიყენონ მობილობის მიზნებისათვის.
ცვლილებები არ ეხებათ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩარიცხულ პირებს!!! ისინი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით სწავლის გაგრძელებას შეძლებენ იმგვარად, როგორც ეს დაშვებული იყო 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზს: 032 2 200 220