დღეს ევროპულ საბჭოში შეხვედრა გაიმართება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საკითხიც უნდა განიხილონ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შეხვედრამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დღეს ევროპისთვის ისტორიული დღეა.
“დღეს ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მომენტია, რადგან გეოპოლიტიკური არჩევანი უნდა გავაკეთოთ. მჯერა, რომ დღეს ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუს მივანიჭებთ უკრაინას და მოლდოვას.
ასევე, გამოვხატავთ მხარდაჭერას ევროპული პერსპექტივის კუთხით უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის”,-აცხადებს შარლ მიშელი.
17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. რაც შეეხება საქართველოს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, ევროკომისია საქართველოს საკითხს წლის ბოლოს მოუბრუნდება. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება 23-24 ივნისის სამიტზე ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.