მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა და უკვე აღდგენასაც გაცდა, ეს არის აბსოლუტური ზრდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შედეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკონომიკის აღდგენაზე ნათია თურნავამ ნამახვანჰესის პროექტის კონტექსტში ისაუბრა და თქვა, რომ პროექტის დაყოვნება სასურველი არ არის.
„ნამახვანის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაყოვნება ქვეყნისთვის კარგი არ იქნება, რადგან ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, მიმდინარეობს აღდგენა და უკვე აღდგენასაც გაცდა, ეს არის აბსოლუტური ზრდა. ეს ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ ნიშნავს, გაზრდილი ელ. ენერგიის მოხმარებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მომატებული მოხმარება ჩვენი საკუთარი წყაროებით იფარებოდეს და საკუთარ ელ.ენერგიას მოიხმარდნენ ბიზნესები, ადამიანები და არა იმპორტირებულს“, - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის 8 თვეში ჯამურად ეკონომიკურმა ზრდამ 12% შეადგინა.