ჩვენ პასუხისმგებელი ვართ თითოეულ დაპირებაზე, პენსიონერს, ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამის შედეგად ადამიანების დანახარჯი მნიშვნელოვნად შემცირებულია.
„მმართველ პარტიას არ აქვს ალტერნატივა, რათა ხელში აიღონ მმართველობა. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ თითოეულ დაპირებაზე და ჩვენი რეალისტური დაპირებები გულისხმობდა კონკრეტულ ზრდას პენსიის მიმართულებით. 2012 წელთან შედარებით, დღევანდელი ვითარება თვისობრივ შეფასებას საჭიროებს. პენსიონერს, რომელსაც ესაჭიროება მხარდაჭერა, ფინანსური დახმარება პენსიის სახით ეძლევა, ამავდროულად, მას ეძლევა უზარმაზარი ბენეფიტები, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვა ან მედიკამენტების პროგრამა იძლევა. ფულად თანხაში რომ გამოვხატოთ, ეს არის ერთი იმდენი თანხა, რომელიც შეიძლება პენსიონერს ხმარდებოდეს. ეს აუცილებლად ანგარიშგასაწევი და გასათვალისწინებელია.
დღეს პენსიონერს ეზოგება მედიკამენტზე გასაწევი ხარჯები, ამით მნიშვნელოვან დანაზოგებს აკეთებენ. არსებობს მაგალითად, ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატებზე სახელმწიფო პროგრამა, რომლის მედიკამენტებიც უფასოდ გაიცემა. მათთვის ბევრი კვლევაა ხელმისაწვდომი, აქ დანახარჯები არ აქვთ და შესაძლებლობა აქვთ, თანხით მიცემული პენსია მთლიანად საკუთარ თავს მოახმარონ. რაც შეეხება მიზნობრივ პროგრამებს, ის, რომ დღეს არსებობს ელიმინაციის პროგრამა, ვერტიკალური პროგრამები, ისტორიული მნიშვნელობის ამბავია. მძიმე სენი ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებდა და ეს იყო მათთვის ხელმიუწვდომელი. ახლა კი, ეს ყველაფერი უფასოდაა ხელმისაწვდომი. ბევრი ადამიანი იქნა დახსნილი სიკვდილისგან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.