საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ უნდა გაგრძელდეს.
აღნიშნულის შესახებ სარჯველაძემ „ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და გაწეული საქმიანობისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, დღეს ვისმენდე თემატური მოკვლევის რეზულტატებს ალბათ ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე. მივესალმები თითოეულ დამსწრე ადამიანს, რომელთა მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა სწორი რეფორმები იგეგმებოდეს ნებისმიერი მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, არათუ გამონაკლისი არ არის ონკოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობა, არამედ ერთ-ერთი, ყველაზე მეტად გამორჩეული სფეროა იმ თვალსაზრისით, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობა, რათა თითოეული პაციენტისთვის წარმატებები იქნას მიღწეული ამ სექტორში, ამ მიმართულებით.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის კომიტეტს, მის თავმჯდომარეს უმნიშვნელოვანესი საქმეებისთვის, რომლებიც ამ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდა კომიტეტში. სერიოზული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა და ამ გადაწყვეტილებების ავკარგიანობაზე სწორედ დადებითი როლი ითამაშა იმ დისკუსიებმა, რომლებიც წარიმართებოდა ხოლმე ამ კომიტეტში ოთხი წლის განმავლობაში. ეს მართლაც მნიშვნელოვანია და უნდა აღინიშნოს, რათა კარგად გვესმოდეს, რაოდენ დიდი ფუნქციის შესრულება შეუძლია საპარლამენტო კომიტეტს ნებისმიერი რეფორმის დაგეგმისთვის, რომელიც სახელმწიფოში ხორციელდება. ეს ერთიორად მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში ონკოლოგიური სერვისების დაფინანსება დაახლოებით გახუთმაგებულია და ასეულობით მილიონ ლარს მოიცავს.
„ეს არ არის ის ნიშნული, რომლითაც კმაყოფილი ვიქნებით. ტენდენცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და შენარჩუნდეს, ვიდრე თითოეული პაციენტი მიწოდებული სერვისებით კმაყოფილი არ იქნება. ამ თვალსაზრისით, ტენდენცია მართლაც დამაკმაყოფილებელია. ყველაფერი კეთდება, რადგან ნებისმიერი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური გაუმჯობესება მეტწილად ხმარდებოდეს იმ სოციალურ პროექტებს, რომლითაც შეგვიძლია, შემდეგ თავიც მოვიწონოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ დღევანდელი თემატური მოკვლევის ანგარიში და მისი წარდგენა ემთხვევა იმ დღეს, როდესაც აღინიშნება პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღე. ალბათ არსად, არცერთ სფეროში, არცერთი პაციენტის შემთხვევაში იმდენად მნიშვნელოვანი არ არის პაციენტის უსაფრთხოება, ინტერესის დაცვა, ჯანმრთელობა და სიცოცხლე, როგორც ეს არის ონკოლოგიის სფეროში. ეს არ არის უბრალოდ სიმბოლური დამთხვევა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს ამ სახით აღნიშნავს კომიტეტი ამ მნიშვნელოვან ინიციატივას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.