მესტიაში, წმინდა გიორგის ეკლესიაში შეკრებილმა სვანებმა პირობა დადეს, რომ მაინერებს გამორთავენ. ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგიის პრობლემა აქვს, რისი მიზეზიც ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარებაა, რაც თავის მხრივ გამოწვეულია სვანეთში კრიპტოვალუტების მოპოვებით/მაინინგით. ეს საქმიანობა განსაკუთრებით მიმზიდველი სწორედ ამ რეგიონში იმიტომ არის, რომ ადგილობრივები ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდიან.
"დღემდე ყველას ეპატიოს, ხოლო დღეიდან ვინც მაინერი არ გამორთოს, წმინდა გიორგი გაუწყრეს!"- აღნიშნეს ეკლესიაში შეკრებილმა პირებმა.
ვრცელდება ვიდეო-კადრები, სადაც ადგილობრივები მსჯელობენ, როგორ უნდა მოიქცნენ. მცხოვრებლების ნაწილი ხატზე დაფიცების მომხრე არ იყო, რადგან როგორც ამბობენ, შესაძლოა გაზაფხულზე ვინმემ კვლავ აამუშაოს და სვანებს ფიცის გატეხვაში დაადანაშაულებენ. ნაწილი ამბობდა, რომ ხატზე ყველა სოფელმა უნდა დაიფიცოს.
საბოლოო გადაწყვეტილებით, შეკრებილებმა პირობა დადეს, რომ ვისაც რა დანადგარი აქვს სახლებში, ყველას გამორთავენ.
შეგახსენებთ: კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“, ასევე მესტიის გამგეობის, სემეკ-ის და სხვა ორგანიზაციების ინფორმაციით, მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეიქმნა, რაც სწორედ კრიპტო-ვალუტის დამამზადებელი საწარმოების მუშაობას უკავშირდება. როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის მოხმარება უპრეცედენტოდ მაღალი იყო.