Mastercard-ისა და Visa-ს კვალდაკვალ, რუსეთში ოპერაციებს American Express-იც აჩერებს.
კომპანიის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით გაცემული American Express-ის პლასტიკური ბარათების გამოყენება რუსეთში შესაძლებელი აღარ იქნება, რუსეთში გაცემული ბარათები კი ქვეყნის გარეთ აღარ იმუშავებს.
ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ ბიზნეს ოპერაციებს აჩერებს ბელარუსშიც.
მანამდე, მსგავსი ნაბიჯი გადადგა პლასტიკური ბარათების ორმა უდიდესმა მწარმოებელმა Visa-მ და Mastercard-მაც.
მე-11 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.
წყარო: ნეტგაზეთი