დღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია საჯაროდ აიცრა და მედიასთან კომენტარი გააკეთა.
როგორც მან ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა, თავს კარგად გრძნობს. ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ პანდემიის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი და კოლეგებს მოუწოდა დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია.
„იმუნიზაცია მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, პანდემიის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი, როდესაც ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის 60-70% აიცრება იმუნური ფენა რომ შეიქმნას. ასეთ შემთხვევაში დაძლეული უნდა იყოს ეს ინფექცია. ჩვენი ცენტრი ძირითადი ფლაგმანია ინფექციურ დაავადებებში, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებში და კოვიდ19-შიც. სიმბოლურია ის, რომ პირველი მოქალაქე ჩვენს ცენტრში აიცრა. პირველი დადასტურებული შემთხვევაც ჩვენს ცენტრში იყო, პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტიც ჩვენს ცენტრში იყო.
რამდენი ხანია, რაც ქვეყანა ვაქცინაციას ელოდებოდა, როგორც იქნა, ვაქცინა შემოვიდა. „ასტრაზენეკა“ ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, რომელიც შექმნილია კოვიდ19-თან მიმართებაში.
ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის მიმართ, აუცილებელია ჩაიტაროს ვაქცინაცია, რომ შეიქმნას ის იმუნური ფენა, რაც შექმნის დაავადებისგან დამცველ კოლექტიურ იმუნიტეტს“, - გაცხადებს ეზუგბაია.
შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. პირველი აცრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საჯაროდ გაიკეთა.