gorgia
ავერსი legi

რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან ერთად გამორჩეული ადგილი უჭირავს ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში, ამ კომპონენტების გარეშე, შუა დერეფანი, რომლის შეუცვლელი ნაწილიც საქართველოა, გამართულად ვერ იფუნქციონირებს და მიმზიდველობას დაკარგავს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღონისძიება ქვიშხეთში, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში აშენებული, რეგიონში ყველაზე მასშტაბური – 8300 მეტრი სიგრძის ორმილიანი გვირაბის შესასვლელთან გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ, საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის წევრებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სხვა მაღალი რანგის სტუმრებმა.

სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, შუა დერეფნის მარშრუტსა და ამ პროცესში ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც, მინისტრის შეფასებით, დერეფანს კიდევ უფრო საიმედოს ხდის.

„ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ზრდის გამტარუნარიანობას და საიმედოობას სძენს ჩვენს დერეფანს. შედეგად, საქართველო განაგრძობს იყოს სანდო პარტნიორი და მთავარი დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის. ასე ვითარდება შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთი, რომლის შედეგებიც უკვე თვალსაჩინოა – 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საქართველოსა და ჩინეთს შორის ტვირთბრუნვა 40%-ით გაიზარდა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მარშრუტის საკვანძო რგოლის განვითარების პროცესში რკინიგზას უდიდესი როლი აკისრია, როგორც ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სწორედ ამ სისტემური და თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია ერთი მილიარდი ლარის ისტორიული და უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციის განხორციელება საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაში.

აღსანიშნავია, რომ თბილისი–მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის საუღელტეხილო მარშრუტის მოდერნიზაცია მოიცავს 40 კილომეტრზე მეტ სარკინიგზო მონაკვეთს, აშენდა ექვსი გვირაბი, 10 ხიდი, სამი სადგური და სხვა მრავალი საკვანძო ინფრასტრუქტურა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

78