პრემიერ-მინისტრის თქმით, დაგეგმილია ისეთი მსხვილი პროექტების დაწყება, როგორებიცაა ანაკლიის პორტის პროექტი, ახალი აეროპორტის პროექტირება და ჰესების მშენებლობა.
„იმის გამო, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მოგვიწევს ბიუჯეტის კორექტირებაც, მეტი შემოსავლები დაუგროვდა ქვეყანას. ამის თაობაზე მოგვიანებით პარლამენტს მივმართავთ კორექტირებული ბიუჯეტის პროექტით. ასევე, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ახალ, 2024 წლის ბიუჯეტზე. გვექნება საინტერესო ინიციატივები, ახალი პროექტები იქნება დაგეგმილი. მსხვილი პროექტების დაწყებაა დაგეგმილი, როგორებიცაა ანაკლიის პორტის პროექტი, ასევე ახალი აეროპორტის პროექტირება და გვინდა, მშენებლობა დავიწყოთ. გვინდა, დიდი პროექტების, ჰესების მშენებლობა ჩვენი თანამონაწილეობით დავიწყოთ, როგორიც არის ხუდონი, ასევე ნამახვანზე მიდის მუშაობა, ნენსკრაზე ჩვენ გავედით ბოლოში, მემორანდუმი გაფორმებულია, ველოდებით, რომ წლის ბოლოს, მაქსიმუმ, 2024 ში განახლდება სამუშაოები ადგილზე. ასე რომ, ეს არის ჩვენი გეგმა. ამას სჭირდება შენარჩუნება მშვიდობის, სტაბილურობის, რასაც მოაქვს მეტი კეთილდღეობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.