ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც უნგრეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, უნგრული ავიაკომპანიის WizzAir- ის პრეზიდენტს, რობერტ კერის შეხვდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი.
„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე არსებული ვითარება. ვიცე-პრემიერმა უნგრული ავიაკომპანიის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ, სადაც უნგრული ავიაკომპანია არის ბაზირებული. აღინიშნა, რომ ქუთაისის აეროპორტში 18 თვეში ექსპლუატაციაში იქნება შესული 3.5 კმ. სიგრძის, ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც შეძლებს მოემსახუროს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს და შექმნის მეტი ავიარეისის მიღების შესაძლებლობას. ასევე ყურადღება გამახვილდა ავიაციის სწრაფი აღდგენის ტენდენციებზე საქართველოში, რაც დადებითად აისახა ქვეყანაში ტურისტული სფეროს განვითარებაზე. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებაა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს და შეთანხმდნენ საქართველოს მოქალაქეების WizzAir-ში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების ერთობლივ შემუშავებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ უნგრული ავიაკომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაში, შემუშავდება ერთობლივი პროექტები, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში პროფესიულ განათლების განვითარებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქეებს მისცემს ისეთ მსხვილ ავიაკომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას, როგორიცაა WizzAir.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ავიაკომპანიის საქმიანობა საქართველოში. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან აღინიშნა, რომ ქუთაისის მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია WizzAir-სთვის, საიდანაც მგზავრთნაკადმა 2019 წლის მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. ითქვა, რომ WizzAir – ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს მგზავრების გადაყვანის კუთხით. ყურადღება გამახვილდა ქუთაისის აეროპორტში უნგრული ავიაკომპანიის მეოთხე ბაზირებული ხომალდის დამატების საკითხი. ითქვა, რომ 2023 წლის პირველი დეკემბრიდან დაგეგმილია ავიაკომპანიის მეოთხე ბაზირებული ხომალდით ოპერირების დაწყება ქუთაისის აეროპორტში 1 (ერთი) ახალი ევროპული მიმართულებით – კოპენჰაგენი, რის შედეგადაც ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის აეროპორტიდან ოპერირებული მიმართულებების ჯამი 28-ს შეადგენს, მათ შორის, 20 მიმართულება კი ბაზირებული საჰაერო ხომალდით შესრულდება“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.