ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში მზარდმა ტვირთბრუნვამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სიმძლავრეების გაზრდა, დერეფნის მონაწილე სუბიექტებს შორის მჭიდრო კოორდინაცია, მულტიმოდალური გადაზიდვების და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის კაფსულის ჩადების ცერემონიაზე განაცხადა. პროექტი ყაზახურ-ქართული პარტნიორობით ხორციელდება.
საქართველოს ვიცე-პრემიერი ღონისძიებას ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრ მარატ კარაბაევთან ერთად დაესწრო, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. კარაბაევის თანმხლებ დელეგაციაში ყაზახეთის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ცერემონიის დაწყებამდე მინისტრებმა ნავთობის ტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური, ანაკლიის პორტის ტერიტორია, ასევე ფოთის APM და PACE ტერმინალები დაათვალიერეს.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, ფოთში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის პროექტი ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის, შუა დერეფნის გაძლიერებას.
„მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება შუა დერეფნის პოტენციალი და კონკურენტუნარიანობა დამატებითი ტვირთნაკადების მოსაზიდად“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ფოთში გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ მინისტრები ახალქალაქში გაემგზავრნენ, სადაც ბაქო-თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის სადგური დაათვალიერეს.
ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ლევან დავითაშვილმა და მარატ კარაბაევმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, იმსჯელეს იმ გეგმაზე, რომელიც საქართველომ და ყაზახეთმა ერთობლივად შეადგინეს 2022 წელს, აქტაუში – აღნიშნული გეგმა გულისხმობს 2027 წლამდე ორივე ქვეყნის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და გამტარიანობის გასაზრდელად. საუბარი ასევე შეეხო ყაზახური მხარის აქტიურ მონაწილეობას აბრეშუმის გზის ფორუმში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისში გაიმართება. შეხვედრის დაწყებამდე მარატ კარაბაევმა მწუხარება გამოხატა რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო და ქვეყნის სახელით, ლევან დავითაშვილს მიუსამძიმრა.
ყაზახეთის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრებს და ღონისძიებებს, ლევან დავითაშვილთან ერთად ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ დირექტორი ლევან კანკავა და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.