პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრს, ხალიდ ალ-ფალიჰს შეხვდა. შეხვედრა თბილისში, საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის გახსნის ღონისძიების შემდეგ გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საუდის არაბეთთან პარტნიორობას, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მათივე ცნობით, ორი ქვეყნის მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის, რომლის პოტენციალიც ეკონომიკის არაერთ სფეროში არსებობს.
უწყების ინფორმაციით, იმ საკითხებს შორის, რომლებზეც ლევან დავითაშვილმა და ხალიდ ალ-ფალიჰმა ყურადღება გაამახვილეს, იყო საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმება, ასევე, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს თვეებში მხარეებს შორის დაიწყება მოლაპარაკებები ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შეთანხმებაზე. აღსანიშნავია, რომ ყურის ქვეყნებიდან საუდის არაბეთი იქნება მესამე ქვეყანა, ვისთანაც საქართველოს ექნება ორმხრივი ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულება.
რაც შეეხება ყურის ქვეყნებთან შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს, ლევან დავითაშვილის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ 2019 წელს, თუმცა პანდემიამ პროცესი შეაფერხა და ეს საკითხი ქვეყნებს შორის ახლა აქტუალურია.
„როგორც წესი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე საუბარი ხდება ყურის ქვეყნების საბჭოს ფარგლებში და არა ცალკეულ ქვეყნებთან, ინდივიდუალურად, თუმცა გამონაკლისი მაინც არსებობს – გასულ წელს ხელი მოვაწერეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც წელს უნდა შევიდეს ძალაში. ასევე, გასულ წელს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შევხვდით საბჭოს გენერალურ მდივანს, სადაც ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების განახლებაზე“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდი დინამიკით გამოირჩევა – 2023 წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 25 პროცენტით არის გაზრდილი. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. მისივე განცხადებით, საუდის არაბეთიდან ინვესტიციების გაზრდის დიდი პოტენციალი არსებობს ისეთ სექტორებში, როგორებიცა ენერგეტიკა, ლოგისტიკა, უძრავი ქონება, ტურიზმი და ა.შ.