პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, დელეგაციასთან ერთად, „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რიგით მერვე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
მინისტერიალი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა.
მინისტერიალში ასევე მონაწილეობდნენ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი იოან ბურდუჟა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პეტერ სიიარტო, აგრეთვე ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ივა პეტროვა, რუმინეთის მთავრობის გენერალური მდივანი მირჩა აბრუდეანი და ევროკომისიის წარმომადგენელი სირილ ლუაზელი.
სამინისტროს ცნობით, მისასალმებელ სიტყვაში პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის მიმართულებით. მისივე თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ამ პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.
„შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი ჩვენი თანამშრომლობის შედეგად შემუშავებული ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტია. საქართველო ამაყობს, რომ ასრულებს მთავარ როლს ამ პროექტში. ჩატარებულმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევამ დაადასტურა პროექტის სიცოცხლისუნარიანობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევა იყო შედეგიანი და შემდეგი ნაბიჯები უფრო აქტიური და დაჩქარებული უნდა იყოს“, – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.
უწყების ინფორმაციით, მინისტრიალის ფარგლებში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მინისტრებმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ ცვლილების ოქმს.
ასევე, გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ოთხი ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორების (სს „საქართველოს სახელწიფო ელექტროსისტემის“, „აზერენერჯის“, National Power Grid Company Transelectrica S.A-სა (რუმინეთი) და „MVM Zrt“-ის (უნგრეთი)) მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნას. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გიგინეიშვილმა.
„მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში გამართულ მინისტერიალში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და საქართველოს ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი.