
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ეკონომიკური საბჭოს მდივნისა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩევლად ინიშნება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის ამ გადაწყვეტილებამდე ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე 2022 წლის 9 თებერვლიდან მუშაობდა, 2024 წლის 9 თებერვლიდან კი მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი იყო.
მან აღნიშნა, გამოცდილი ეკონომისტის ამ პოზიციაზე გადასვლა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
„ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დასახვეწად, ეკონომიკური საბჭოს გაძლიერების გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ მიზნით გადაიხედება ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები ასევე შემადგენლობა, ეკონომიკის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკის საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ლევან დავითაშვილი. როგორც მოგეხსენებათ სამინისტროს მართვა ყოველდღიურ მძიმე რუტინასთან არის დაკავშირებული, ამ რუტინისგან განთავისუფლება ლევან დავითაშვილს მისცემს საშუალებას კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ბატონი ლევანი არის განსაკუთრებული, გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტია. ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო დაჩქარებას, ინვესტიციის მოზიდვას და მას წარმატებები მინდა ვუსურვო ლევან დავითაშვილს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.