ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა.
მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ამ მიმართულებით პარტნიორებთან კოორდინაციის საკითხები.
ფინანსთა მინისტრმა სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველომ სანქციების განხორციელების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით მიიღო და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი აქტივობები ამ კუთხით, კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს საერთაშორისო რეგულაციების აღსრულების მიმართულებით.
როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმაზე DOLFIN-ზე დაშვების უფლება და ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის ორ თანამშრომელს მიღებული აქვს სანქციების აღსრულების ექსპერტის სერტიფიკატი.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, ასევე, დადებითი შეფასება მიეცა საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს.
მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს აშშ-ის ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისთან (OTA) პარტნიორობის საკითხები, რომელიც მოიცავს, როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო და აუდიტის სფეროებს.
შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი და მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი.