საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (მსოფლიო ბანკის ჯგუფი) ვიცე-პრეზიდენტს ევროპის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ალფონსო გარსია მორას შეხვდნენ.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას. ასევე, კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებს, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობებს.
შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები: ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.