საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეისთვის ყველა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებელი მიუთითებს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილება, ლარის გაუფასურება არის უფრო პანიკური და ობიექტური საფუძველი არ აქვს.
დავითაშვილის თქმით, ჯერჯერობით სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში იზრდება და გაზრდილია მიმდინარე წლის ექსპორტიც.
„შეიძლება, იყოს გარკვეული ნეგატიური მოლოდინები, მათ შორის მაკროეკონომიკური კუთხით გარკვეული პარამეტრების გაუარესებით. ბევრი რამ დამოკიდებულია ომის ხანგრძლივობაზე, სანქციების სიმძიმეზე, რეგიონში ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ა.შ. თუმცა ამაზე გათვლითაც ჩვენ გარკვეული მოდელები, სცენარები, საპასუხო ღონისძიებები გვაქვს.
დღეისთვის, ყველა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ გაცვლითი კურსის ცვლილება, ლარის რეალური გაუფასურება არის უფრო პანიკური და არ აქვს ობიექტური საფუძველი. ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში იზრდება. გაზრდილია მიმდინარე წლის ექსპორტი. ოპერატიული მონაცემები მარტშიც კარგი გვაქვს, თებერვალშიც, იანვრის ოფიციალური მონაცემები საზოგადოებამ ისედაც იხილა, მათ შორის სხვა პარამეტრებიც.
ჩვენ დავინახეთ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. ასევე, ტურიზმის აღდგენა, ეკონომიკის წლის დასაწყისიდან იყო ძალიან მნიშვნელოვანი. სხვა ეკონომიკური მაჩვენებლებიც, რომლებიც უნდა მოქმედებდეს კურსზე, არის პოზიტიური. ჩვენ ვხედავთ გაუფასურებას, საკმაოდ დიდ გაუფასურებას, რომელიც გამოწვეულია უფრო პანიკიდან, ვიდრე ობიექტური ფაქტორებიდან. ასევე, გვესმის, რომ ძალიან დიდი ემოციაა საზოგადოებაში, პოლიტიკური პროცესებიც საკმაოდ ემოციურად წარიმართა ამ პერიოდის განმავლობაში. არც არის გასაკვირი, რეგიონში ხდება რეალურად ჰუმანიტარული კატასტროფა, მართლაც ყველაზე ტრაგიკულ მოვლენებთან გვაქვს შეხება და ეს ყველაფერი გასაგებია, თუმცა ალბათ ჩვენი, მთავრობის, პირველ რიგში ეკონომიკური გუნდის ამოცანაც არის, რომ მოსახლეობასთან გვქონდეს გულწრფელი, ღია, პირდაპირი კომუნიკაცია და მოვუწოდოთ სიმშვიდისკენ, რადგან პანიკური გადაწყვეტილებები აზიანებს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ბიზნესებს და არავის ინტერესში არ არის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
წყარო; პირველი არხი