დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი მთელი იანვრის განმავლობაში 8,5%-ია.
როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზოგადად, სხვადასხვა მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლო თვის განმავლობაში დინამიურად უმჯობესდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რაოდენობა, მნიშვნელოვანია საწოლფონდის რაოდენობა, რეანიმაციაში მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა. ჯამური ფაქტორების გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილებები, შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ზოგადად ყველა ეს მაჩვენებელი, ქვეყანაში ბოლო თვის განმავლობაში დინამიურად უმჯობესდება. ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი მთელი იანვრის განმავლობაში 8,5% გვაქვს. ასევე ბოლო 14 დღის განმავლობაში, დადებითობის პროცენტი 6,6%-ია, ბოლო 7 დღის განმავლობაში 5,5%, ხოლო დღეს გახლავთ 4,1%. თუმცა არის რეგიონები, მაგალითად, აჭარა, სადაც დადებითობის მაჩვენებელი 1%-ია, ხოლო ზოგადად, აჭარაში, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში უკვე ეს მაჩვენებელი 3%-ზეა“ , - განაცხადა გამყრელიძემ.