საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, CFD მექანიზმთან დაკავშირებული აუქციონის პირველმა ეტაპმა აჩვენა, რომ მონაწილეობის მიღებით კვლავ არიან კომპანიები დაინტერესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა მაღალია.
„პირველი ეტაპის აუქციონის შემდეგ კვლავ არიან დაინტერესებული კომპანიები მიიღონ აუქციონში მონაწილეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა მაღალია. მექანიზმი არის გამართული, რაც მთავრობამ დაამტკიცა. ქვეყანაში დამატებითი ენერგიის საჭიროება არის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი აუქციონებიც შედგება და წარმატებით დასრულდება ისევე, როგორც პირველი აუქციონი“ - აღნიშნავს დავით ნარმანია.
ინფორმაციისთვის: ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის PPA ხელშეკრულებების ალტერნატიული - CFD მოდელი გასულ წელს ამოქმედდა. CFD კონტრაქტები აუქციონის პრინციპით ფორმდება და მასში საკუთარ ფასებს მთავრობას ენერგოსადგურები წარუდგენენ, ხოლო საუკეთესო ფასების მქონე ობიექტები შესაბამის დაფინანსებებს მიიღებენ.
ეკონომიკის სამინისტრომ CFD-მექანიზმით პირველი აუქციონი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა და აუქციონის პირველადი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდა. უწყების თანახმად, მათთან სულ 78 განაცხადი შევიდა, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 900 მეგავატს შეადგენს.
სამინისტრომ ამ წინადადებებიდან საუკეთესო ფასის მქონე განაცხადები უნდა აირჩიოს ისე, რომ 300 მეგავატის სიმძლავრეზე ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებები გაფორმდეს. შერჩეული პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული, რაც ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.
ქვეყანაში დამატებითი ენერგიის საჭიროებაა - ნარმანია CFD მექანიზმზე
251
|