"ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი", - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ქალთა საერთაშორისო დღეს და სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.
ჰარცელი ამბობს, რომ უკვე ორწელიწადნახევარია, საქართველოში იმყოფება და მასზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი პროფესიონალების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაო.
"საერთო ჯამში, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ჩემი გზავნილი მარტივია - ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი.
დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის გოგონებსა და ქალებს სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს მაქსიმალურად გაძლიერებაში.
სწორედ ეს არის ის გზავნილი, რომელსაც ჩვენი სოციალური მედიის არხების საშუალებით გავაჟღერებთ მარტის თვეში დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში დევიზით "ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო", - აცხადებს კარლ ჰარცელი.
ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს, რომ ქალების წვლილი ძალზედ მნიშვნელოვანია და მაინც, მუხედავად ამისა ქალები საშუალოდ კაცებზე გაცემული ანაზღაურების მხოლოდ 2/3-ს გამოიმუშავებენ და ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებული სახლის გარეთ.
ამავდროულად, ბევრი ქალი დაუცველია დისკრიმინაციისაგან, ან უარესი, გენდერული ნიშნით ძალადობისგან, რაც ჰარცელის თქმით, ყოვლად დაუშვებელია.