გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაშაულებში და გლობალური სასურსათო კრიზისის შექმნაში დასდო ბრალი.
შარლ მიშელის თქმით, სამხედრო დანაშაულების ჩამდენი პირები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან.
„რამდენიმე თვის წინ მე ვიყავი ბოროდიანკაში, სადაც რუსმა სამხედროებმა სისასტიკეები ჩაიდინეს – სამხედრო დანაშაულები, დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ. ამ დანაშაულების ჩამდენი პირები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან. იმისათვის, რომ მათ პასუხი ვაგებინოთ, ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლა ვეხმარებით ამ სამხედრო დანაშაულების მტკიცებების შეგროვებაში. დაუსჯელობა გამოსავალი არ არის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რუსეთი სურსათის მარაგებს იყენებს, როგორც უჩინარ რაკეტებს განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ.
„ბატონო რუსეთის ელჩო, მოდით, გულწრფელი ვიყოთ. კრემლი სურსათის მარაგებს იყენებს, როგორც უჩინარ რაკეტებს განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ. რუსეთის ომის დრამატული შედეგები ვრცელდება მთელ მსოფლიოში, ეს იწვევს სურსათის გაძვირებას, ადამიანებს აღარიბებს და მთელი რეგიონების დესტაბილიზაციას ახდენს. მხოლოდ რუსეთია სრულად პასუხისმგებელი სასურსათო კრიზისზე, კრემლის სიცრუისა და დეზინფორმაციის კამპანიის მიუხედავად“, – განაცხადა შარკ მიშელმა.
აღსანიშნავია, რომ როგორც უკრაინული მედია წერს, შარლ მიშელის ამ განცხადების შემდეგ რუსეთის ელჩი ვასილი ნებენზია ადგილიდან ადგა და გასასვლელისკენ გაემართა, რაზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თქვა: ბატონო ელჩო, თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ დარბაზიდან, ალბათ უფრო მარტივია, არ უსმინოთ სიმართლეს“.