კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შეფასებით, თხილის მთლიანი ბაზრის შემთხვევაში, 2021–2024 წლებში ექსპორტის მოცულობის კლების შემდეგ, 2025 წელს ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. კერძოდ, 2025 წლის იანვარ–ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობა დაახლოებით 18%-ით გაიზარდა.
ანგარიშის მიხედვით, ბაზარზე მცირე შემცირებაა დაფიქსირებული როგორც HHI ინდექსში, ასევე წამყვანი კომპანიების საბაზრო წილებში, რაც კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებაზე მიუთითებს. ამასთან, თხილის ბაზარზე იკვეთება საშუალო ფასების ზრდის ტენდენცია. GCCA-ის მონაცემებით, 2020–2022 წლებში საშუალო ფასის კლების შედეგად, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2022 წელს – 1 კგ-ზე დაახლოებით 13 ლარი დაფიქსირდა. შემდგომ წლებში ფასები გაიზარდა: 2024 წელს ექსპორტის ღირებულებამ 1 კგ-ზე 17 ლარს მიაღწია, ხოლო 2025 წელს საშუალო ფასმა 23.4 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის 10 თვის მონაცემებთან შედარებით 35%-იანი ზრდაა.
სააგენტოს შეფასებით, თხილის ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. ექსპორტის ბაზარი ხასიათდება კონცენტრაციის დაბალი დონით, ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტების სიმრავლით და დომინანტური მდგომარეობის არარსებობით.
კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი 2023 წელს დაიწყო.
GCCA აცხადებს, რომ თხილის, ისევე როგორც სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრების მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს.