კონკურენციის ეროვნული სააგენტო 1 ივნისიდან ანტიდემპინგური ღონისძიების მიმართულებით განაცხადების მიღებას იწყებს - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კონკურენციის სააგენტო აქვეყნებს. ორგანიზაციის განცხადებით, ისინი შეისწავლიან მხოლოდ იმ განაცხადებს, რომელთა გაცნობის შემდეგაც გაჩნდება "გონივრული ეჭვი", რომ აღწერილი ინფორმაცია სავარაუდო დემპინგს წარმოადგენს.
"2021 წლის 1 ივნისიდან, კონკურენციის ეროვნული სააგენტო განაცხადების მიღებას იწყებს. საკითხის შესწავლა განხორციელდება ადგილობრივი ინდუსტრიის ან მისი სახელით გაკეთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე - იმ შემთხვევაში თუ გაჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მოცემული პროდუქტის საექსპორტო ფასი ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში ექსპორტიორი ქვეყნის ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ნორმალურ ღირებულებაზე დაბალია და ის ზიანს აყენებს ან წარმოადგენს ზიანის საფრთხეს ადგილობრივ ინდუსტრიებისთვის.
კანონი ითვალისწინებს განცხადების წარმოდგენაზე უფლებამოსილ მწარმოებელთა ე.წ. ზღვარს, კერძოდ, განცხადება მხარდაჭერილი უნდა იყოს ადგილობრივი ინდუსტრიის იმ ნაწილის მიერ, რომლის მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტის მოცულობა აღემატება განცხადების ექსპლიციტურად მხარდამჭერი ან საპირისპირო აზრის მქონე ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტის 50%-ს და მითითებულ მხარდამჭერთა მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტის მოცულობა არ უნდა იყოს ნაკლები ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარმოებული მთლიანი მსგავსი პროდუქტის 25 პროცენტზე.
შესწავლის ორგანო განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების ფორმალურ შესაბამისობას, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, განმცხადებელს აცნობებს ამის შესახებ და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სააგენტო შესწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენის დღიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში, რაც შეიძლება გახანგრძლივდეს, მაქსიმუმ, 15 დღით.
შესწავლის პროცესში, სააგენტო უფლებამოსილია, გამოითხოვოს ინფორმაცია - ადმინისტრაციული ორგანოებისგან, დაინტერესებული და სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან, მათ შორის - კონფიდენციალური. გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიწოდება სავალდებულოა.
შესწავლისთვის საჭირო მტკიცებულებები უნდა შეესაბამებოდეს შესწავლის დაწყებამდე არანაკლებ 6 თვიან პერიოდს, ხოლო ზიანის შესახებ მსჯელობისთვის საჭირო მტკიცებულებები შესწავლის დაწყებამდე სულ მცირე 3 წლიან პერიოდს.
კანონით დადგენილი წესის თანახმად, სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლის პერიოდი გაგრძელდება, არაუმეტეს, 12 თვისა. ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს, მაქსიმუმ, 6 თვით.
წინასწარი დასკვნა - შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, თუკი შესწავლის ორგანომ დაადგინა, რომ დემპინგურმა იმპორტმა ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანი მიაყენა ან შექმნა მისთვის ზიანის მიყენების საფრთხე.
ექსპორტიორის მიერ ფასთან მიმართებით ვალდებულების აღება - შესაძლებელია ექსპორტიორმა წერილობითი ფორმით აიღოს ნებაყოფლობითი ვალდებულება, რომ გადახედოს შესწავლის ობიექტის დადგენილ ფასს ან შეწყვიტოს შესწავლის ობიექტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური ფასით ექსპორტი.
დასკვნა - სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი - ტარიფის შემოღება ხდება არაუმეტეს 5 წლის ვადით. განმეორებითი შესწავლის საფუძველზე ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს არაუმეტეს 5 წლით.
საბოლოო გადაწყვეტილება - შესწავლის ორგანოს მიერ დასკვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების შესახებ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ჭთO-ს პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად დამუშავებული კანონპროექტი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“ 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა," - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.
რა არის ანტიდემპინგური ნორმები?
ქვეყნები ანტიდემპინგურ კანონმდებლობას საკუთარი ადგილობრივი მწარმოებლების (და არა მომხმარებლების) დასაცავად იღებენ. დემპინგი არის პროცესი, რომლის დროსაც ბაზრის იმპორტიორი მოთამაშე კონკრეტულ პროდუქციას (რომლის წარმოებაც რეალიზაციის ქვეყანაშიც ხდება), სისტემატიურად ყიდის იმაზე უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ეს პროდუქტი მისი წარმოების ქვეყანაში ღირს. დემპინგის "დადგენა" საკმაოდ რთული პროცესია და მისთვის ამ პროდუქციის როგორც რეალიზაციის, ასევე წარმოების ბაზრების და პროდუქციის ფასწარმოქმნის შესწავლა უნდა მოხდეს.
პირობითად რომ ვთქვათ, კონკურენციის სააგენტო ვერ განიხილავს სარჩელს საქართველოში ბანანის დემპინგური ფასით რეალიზაციის შესახებ, რადგანაც ქვეყანაში ბანანი საერთოდ არ იწარმოება და თუკი, რომელიმე კომპანია ბანანს მის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდის, ამით ყველა სარგებელს იღებს.
თუმცა, თუკი საქმე მაგალითად ცემენტს ან არმატურას ეხება (რომელიც საქართველოშიც იწარმოება) და რომელიმე იმპორტიორი ამ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე სისტემატურად იმაზე უფრო დაბალ ფასად ყიდის, ვიდრე თავად ამ პროდუქციის ადგილწარმოშობის ქვეყანაში იყიდება, მაშინ შესაძლოა, ადგილობრივ მწარმოებლებს საკუთარი "უფლებების დასაცავად" (იმ "უფლების" რომ ისინი უფრო ძვირად აწარმოებენ პროდუქტს და არ შეუძლიათ ბაზარს უფრო კონკურენტულ ფასად მიაწოდონ საქონელი), მიმართავენ კონკურენციის სააგენტოს, რომელიც შეისწავლის განაცხადს, ფასწარმოქმნას, ვაჭრობის ტენდენციებს და ამის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას.