კომპანია “ასტრაზენეკა” აცხადებს, რომ მონაცემების განხილვის შედეგად, ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არც ერთ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოვლენილა.
მათივე ცნობით, ევროკავშირსა და ბრიტანეთში ვაქცინირებული 17 მილიონი ადამიანის უსაფრთხოების მონაცემების ყურადღებით განხილვამ აჩვენა, რომ ფილტვის ემბოლიის, ღრმა ვენების თრომბოზისა და თრომბოციტოპენიის გაზრდილი რისკის მტკიცებულება არ არსებობს.
„უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. კომპანია წამოჭრილ საკითხს მჭიდროდ აკვირდება, თუმცა არსებული მაგალითები არ ადასტურებს, რომ ამის გამომწვევი მიზეზი ვაქცინა იყო. პანდემიის დასრულებამდე ვაქცინაცია აუცილებელია,” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანის მტკიცებით, ტარდება დამატებითი ტესტირება, როგორც მათ მიერ, ასევე ევროპის ჯანდაცვის უწყებების მიერ და ამ შემოწმების შედეგად, შეშფოთების არანაირი მიზეზი არ გამოვლენილა.
შეგახსენებთ, რომ “ასტრაზენეკას “ ვაქცინა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და ვაქცინაციის პროცესი სამედიცინო სფეროს პირებზე გუშინ დაიწყო. ცნობისთვის, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, როგორიცაა: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბელგია და სხვა “ასტრაზენეკას ვაქცინა”დროებით შეაჩერეს.