თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული და ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, შარშანდელი წელი იყო გარდამტეხი მთავრობის საქმიანობაში და ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს მთავრობის საქმიანობაში.
„ამ წლის განმავლობაში თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა საქართველოს მთავრობაში და ეს იყო მთავარი გარდამტეხი ცვლილება, რაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით. ეს საკადრო ცვლილებები ეხებოდა უშუალოდ სამთავრობო ცვლილებებს და მთავრობასთან დაკავშირებულ უწყებებს, მათ შორის ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობაში შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფით. 2025 წელს ამ დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად გადაიხედა 115 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც დაიზოგა 67 მილიონ ლარზე მეტი. ეს არის ის თანხა, რომელიც ისევ ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს. 2026 წელს დეპარტამენტის საქმიანობიდან მიღებულმა პირდაპირმა ეკონომიამ შეადგინა 67 მილიონი ლარი ხოლო ეკონომიამ მონიტორინგის შედეგად კორექტირებული ტენდერებიდან 34 მილიონი ლარი, ჯამში ეს არის 101 მილიონი ლარი. ეს არის ამ ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგი. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი რომელიც აცენებს თუ რამდენად არის შეცვლილი მიდგომა, დამოკიდებულება სახელმწიფოს მართვის მიმართ. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა მუშაობს სრულად გამჭვირვალედ, ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება და გამჭვირვალობა არის ნებისმიერი მანკიერებისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. მთლიანობაში ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენს მართვის სისტემაში კორუფციული პრაქტიკის ძირეულ აღმოფხვრას და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ამ ძირეულ მიზანს ჩვენ არსებითად მივაღწიეთ. კიდევ ერთხელ შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს, ოპონენტს თუ არაოპონენტს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ამ საანგარიშო პერიოდიდან გასული წლის ივნისიდან კორუფციასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ეჭვები და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვაგებთ პასუხს. კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული. რა თქმა უნდა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის საჭირო მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებით ქვედა დონეზე და ბუნებრივია, მთავრობა ყურადღებას არც მომავალში მოადუნებს, ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ თამამად შემიძლია განვაცხადო რომ კორუფცია ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული და ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში,“ - განაცხადა კობახიძემ.