gorgia
ავერსი legi

ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, მათ შორის, შრომითი ინტერესები - ეს მნიშვნელოვანია, რათა ჭარბი კონკურენცია არ შეექმნათ ჩვენ მოქალაქეებს დასაქმების კუთხით, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტზე ისაუბრა, რომ მთავრობამ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა.

პრემიერის თქმით, კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრულია ნულოვანი კვოტები, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოკვეთილია სფეროები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით ვერ გაუწევს ვერავინ კონკურენციას.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, მათ შორის, შრომითი ინტერესები, რაც მიღებული პრაქტიკაა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც უფრთხილდება საკუთარ მოქალაქეებს, მათ ინტერესებს. ჩვენ განვსაზღვრეთ ის სფეროები, სადაც შესაძლებელია უცხოელების დასაქმება და სადაც არ არის ეს მიზანშეწონილი. ეს მნიშვნელოვანია, რათა ჭარბი კონკურენცია არ შეექმნათ ჩვენ მოქალაქეებს დასაქმების კუთხით. რაც შეეხება განკარგულებას, განსაზღვრულია კვოტები, მათ შორის კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრულია ნულოვანი კვოტები, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოკვეთილია სფეროები, სადაც ჩვენ მოქალაქეებს დასაქმების კუთხით ვერ გაუწევს ვერავინ კონკურენციას. ვფიქრობ, მაქსიმალურად მოვახერხეთ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესების დაცვა“, - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, მთავრობამ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა - ნულოვანი კვოტა განისაზღვრა საკურიერო მომსახურეობასა და მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე.

უფრო კონკრეტულად, დადგენილება, რომელსაც პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, 20 თებერვლით თარიღდება. დადგენილება 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.

„წლიური კვოტები წესდება შემდეგ პროფესიებსა და შრომით/სამეწარმეო საქმიანობებზე:

ა) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა – 0;

ბ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა – 0;

გ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 0;

დ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტა – 200“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

56