ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ თუ ტურიზმის აღდგენა საერთოდ არ მოხდა, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით, 1%-ის ფარგლებში იქნება.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე საუბრისას გვენეტაძემ თქვა, რომ ოპტიმისტური პროგნოზით, ზრდა 4%-ის ფარგლებში იქნება, თუმცა ყველაფერი მოვლენათა განვითარებაზეა დამოკიდებული.
„სამწუხაროდ, 2020 წელს კოვიდპანდემიის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკა შემცირდა და ძირითადად ეს გამოწვეული იყო პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით. შეიძლება ითქვას, რომ როცა თავიდან პანდემია დაიწყო, შედარებით დაბალ ზრდას ვვარაუდობდით; დაახლოებით 4% იყო, თუმცა გაურკვევლობა ძალიან დიდია, მოვლენები სხვადასხვანაირად ვითარდება და მიუხედავად ყველაფრისა, 2020 წელს ეკონომიკა 6,1%-ით შემცირდა. თუ დავუშვებთ, რომ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდება და წლის მეორე ნახევარში ტურიზმი ეტაპობრივ აღდგენას დაიწყებს, მაშინ 2021 წელს ეკონომიკის ნაწილობრივ გაჯანსაღებას ველოდებით, დაახლოებით 4%-ის ფარგლებში“, - განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე და ტურიზმის აღდგენის ტენდენციებზე, შეზღუდვების მოხსნასა და შესაბამისად, მობილობის აღდგენაზე.
„პანდემიის მიმდინარეობის და გლობალური შეზღუდვების გახანგრძლივების შემთხვევაში, თუ ასეთი რამ მოხდა, დაზარალდება ეკონომიკა. ეს გაახანგრძლივებს შეზღუდვებს, ცუდად იმოქმედებს მობილობაზე, რაც გამოიწვევს ეკონომიკის გაჯანსაღების შენელებას. ამ შემთხვევაში, თუ ტურიზმის აღდგენა საერთოდ არ მოხდა, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1%-ის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.