„ექსპო 2020 დუბაის“ ფარგლებში დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დუბაიში, "ექსპო 2020 დუბაიზე" საქართველოს ეროვნული დღის გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, მოლაპარაკებები გაგრძელდება მომავალი წლის განმავლობაში და იმედია, რომ 2022 წელს წარმატებით დასრულდება.
„სამი თვის წინ ოფიციალური ვიზიტით გახლდით დუბაიში და მაშინ შედგა შეთანხმება, ძალიან სწრაფად დაგვეწყო მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. სულ რაღაც სამ თვეში მოვახერხეთ და ხელი მოვაწერეთ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმებას“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მისივე განმარტებით, პანდემიის მიუხედავად საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება, თუმცა ინტერესი გაცილებით დიდია და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის ზრდას ამ ქვეყანასა და ამ რეგიონში.
"ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქტი, ხილი, ბოსტნეული, ხორცპროდუქტები, მინერალური წყლები და ბევრი სხვა პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია მივაწოდოთ ბაზარს და დიდი ინტერესი არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები არის პირველი ქვეყანა რეგიონიდან, ვინც ძალიან მალე შეუერთდება იმ 46 ქვეყანას, ვისთანაც საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ეს წაადგება ორივე ქვეყანას, ეს წაადგება ჩვენს განვითარებას, როგორც სავაჭრო და საინვესტიციო ჰაბის კონკრეტულად სპარსეთის ყურის რეგიონთან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.