საქართველო 2023 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ 167 ქვეყანას შორის 53-ე ადგილზეა და მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ სახელმწიფოს უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება, – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კეთილდღეობის გრძელვადიანი, ათწლიანი გაუმჯობესების მიხედვით, საქართველო სამი მიმართულებით დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში.
„2013-2023 წლებში საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობესდა. დაცულობისა და უსაფრთხოების რეიტინგის ათწლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მესამე ადგილზეა. ამ პერიოდში სარეიტინგო პოზიცია საქართველომ 46 ადგილით გაიუმჯობესა.
საინვესტიციო გარემოს ათწლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მესამე ადგილზე გავიდა, პოზიციის 25-ადგილიანი წინსვლით. საცხოვრებელი პირობების ათწლიანი გაუმჯობესებით საქართველო ასევე მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მესამე ადგილზეა. ამ პერიოდში საქართველოს რეიტინგი 19 პოზიციით გაუმჯობესდა.
„კეთილდღეობის ინდექსს“ და შესაბამის ანგარიშს ბრიტანეთის მოწინავე ანალიტიკური ცენტრი Legatum Institute 2007 წლიდან აქვეყნებს. ორგანიზაცია გლობალურ კეთილდღეობას 12 აგრეგატის მიხედვით აფასებს: დაცულობა და უსაფრთხოება; პერსონალური თავისუფლება; მმართველობა; სოციალური კაპიტალი; საინვესტიციო გარემო; სამეწარმეო კონდიცია; ბაზარზე წვდომა და ინფრასტრუქტურა; ეკონომიკის ხარისხი; საცხოვრებელი პირობები; ჯანმრთელობა; განათლება; ბუნებრივი გარემო (ეკოლოგია)“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.